სერგი კაპანაძემ აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო განცხადებბა გააკეთა და მმართველი პარტიისგან განმარტება მოითხოვა.
დეპუტატი ინტერესდება რა გახდა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზი.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მაგნიტსკის სიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ეს არის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, გაავრცელოს ორიენტირებული სანქციები იმ ქვეყნებსა და ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
არის სერიოზული კითხვები, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება და "ქართული ოცნება". გუშინ, როდესაც განიხილებოდა ეს რეზოლუცია ,"ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ დაუჭერია მხარი ამ რეზოლუციისთვის, აქ საუბარია, რომ არა მხოლოდ ოთხოზორია-ტატუნაშვილის კუთხითაა მნიშვნელოვანი ეს რეზოლუცია, ზოგადად, რეზოლუციაა, რომელიც რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერი არცერთი პოზიცია არ დაფიქსირებულა, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა.
მივმართავ "ქართულ ოცნებას", განმარტონ პოზიცია, რატომ არ დაუჭირეს ამ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას მხარი. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში, თუ ეს არის სხვა ახსნის მქონე საქციელი,“- განაცხადა სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






