ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. საკითხს უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრებისას, ყველამ კარს მიღმა უნდა დატოვოს საკუთარი ინტერესი და ამბიციები:
„თითოეული პოლიტიკოსის ვალდებულება უნდა იყოს და ასევე საზოგადოების ინტერესი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიკრიბებით, რა თქმა უნდა, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ საკუთარი ინტერესი, ამბიციები, ემოციები და საღი გონებით მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც წაადგება ქვეყანას და რაც იქნება საზოგადოების ინტერესში,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი არ დამდგარა:
„მმართველ გუნდში ხშირად არის როცა აზრთა სხვადასხვაობაა, არის სხვადასხვა პოზიცია, არის კითხვები, არის პასუხები. ასე რომ, ეს იქნება აბსოლუტურად სამუშაო ფორმატში საშუალება იმისა, რომ ყველამ თავისი არგუმენტი წარმოადგინოს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






