საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ CNBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს. ბახტაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა:
„სამწუხაროდ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას განაგრძობს. ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებზე საქართველო პასუხობს დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის მდგრადი და სწრაფი ზრდით.
თუ გადავხედავთ საქართველოს მიერ ბოლო ხუთ წელიწადში მიღწეულ შედეგს, ნახავთ, რომ ნატო-სკენ გზაზე ბევრი გავაკეთეთ. შარშან ბრიუსელში, სამიტზე, ნატო-ს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ მოტივირებულები ვართ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას ვცდილობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა:
„საქართველო რვა ქვეყანას უხსნის გზას ზღვისკენ. ამ ქვეყნების 100 მილიონიანი ბაზარი, ყველაზე მზარდია მსოფლიოში. ჩემი ქვეყნის მიზანია იქცეს რეგიონულ ჰაბად ბიზნესისთვის, ვაჭრობისთვის, ტურიზმისთვის, ლოგისტიკისა და განათლებისთვის. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე გვაქვს მეზობლებთანაც“, - განაცხადა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






