„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოში მაგნეტსკის სიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. კანდელაკმა იმედი გამოთქვა, რომ მაგნიტსკის აქტი ევროკავშირის მასშტაბით ამოქმედდება:
“პოლიტიკაში სიმბოლოები მნიშვნელოვანია. სერგეი მაგნიტსკის სახელი, რომელიც რუსი გადასახადის გადამხდელთა 230 მილიონი დოლარის მითვისების ფაქტების დასაფარად მოკლეს, ადამიანის უფლებათა დამრღვევთათა წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა. მაგნიტსკის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ბალტიის სამ ქვეყანაში მიიღეს, ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი გლობალური იარაღი გახდა და მან უკვე სამართლებრივი შედეგები მოიტანა რიგ შემთხვევაში, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა მიანმარი, როგორც უკვე აღნიშნა მომხსენებელმა, სამხრეთ სუდანში და სხვაგან. დღეს მაგნიტსკის აქტი საერთაშორისო იარაღია. ადამიანის უფლებების შელახვა, ხშირად, პირადი გამდიდრების მიზნით ხდება. უფლებადამრღვევები შემდეგ ამ ფულს დასავლეთში, ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში ინახავენ. და მაგნიტსკის აქტის ერთ-ერთი შესანიშნავი შედეგია სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანებს აღარ ექნებათ ფინანსური უსაფრთხოების განცდა. ეს ფული არ უნდა იყოს დაცული. უფლებადამრღვევებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა კრიმინალური, სისხლიანი ფული შემოიტანონ დასავლეთში, როგორც ეს ხშირად ხდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მაგნიტსკის აქტი მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ბალტიის ქვეყნებში, სადაც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბატონი ზინგერისი ლიეტუვადან, მაგრამ შემდეგი ნაბიჯია, შეიქმნას მაგნიტსკის აქტი ევროკავშირის მასშტაბით, რათა მან შეიძინოს სამართლებრივი ძალა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ შესწორებაში, რომელიც მიიღო მომხსენებელმა, ხაზგასმულია სერგეი მაგნიტსკის სახელის შენარჩუნების მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მომხსენებელს ამ შესანიშნავი რეზოლუციისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მაგნიტსკის აქტი ამოქმედდება ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






