ხვალ, მმართველ გუნდში შიდა „რაზბორკებია“ დაანონსებული. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ამ შეხვედრას საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებთან ერთად ხალხის პრობლემების ნაცვლად, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე იმსჯელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, უმრავლესობის სხდომიდან მხოლოდ ერთადერთი მოლოდინია - პარტიის ლიდერები გუნდის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ და გავლენის სფეროებისა და კორუფციის წყაროების გადანაწილებას შეეცდებიან.
„ქვეყანა არის კრიზისში შესული, როდესაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ეკონომიკური ვითარება არის უმძიმესი, საგარეო ფრონტზე ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, დავკარგოთ ის, რაც მიღწეული გვაქვს და ქვეყნის უსაფრთხოება არის სრულიად მოშლილი - მმართველი უმრავლესობა და ბიძინა ივანიშვილი არიან დაკავებული საკუთარი კლანური ინტერესებით, გავლენის სფეროებით და კორუფციის წყაროების გადანაწილებით მმართველი გუნდის შიგნით. ამიტომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ უმრავლესობის სხდომიდან, რომ გაირკვევა რაიმე ქართველი ხალხისთვის. ეს არის შიდაპოლიტიკური გარჩევები "ქართული ოცნების" შიგნით გავლენების გადასანაწილებლად,“- ამბობს სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






