2017 წელთან შედარებით 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა - ამის შესახებ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა დავითაიამ ბრიფინგზე ისაუბრა:
„ძალიან მძიმე ვითარებაა კრიმინალური კუთხით შექმნილი, ჩვენ ვხედავთ, რომ კრიმინალური ვითარება ძალიან დამძიმდა, ამის დამადასტურებელი საბუთები არის ის მონაცემები, თუ რა ხდება და რა დანაშაულებებთან გვაქვს ჩვენ საქმე. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 60%-ით გაიზარდა დანაშაული 2018 წელს 2017 წელთან შედარებით. 18%-ით იკლო ამ დანაშაულებების გახსნამ, ეს ცხადყოფს იმას, რომ დანაშაული იზრდება და გახსნის მაჩვენებელი კლებულობს“, - განაცხადა დავითაიამ.
პაატა დავითაიას განცხადებით, აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას თუ რა მეთოდებით ჩატარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:
„ყველაზე მძიმე დანაშაული რაც უნდა გამოიყოს და ეს აისახება სოციალურ ფონზე, მდგომარეობს იმაში, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა 170%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. მკვლელობის მცდელობა 34%-ით გაიზარდა, ქურდობა გაიზარდა 89%-ით, ძარცვა 30%-ით, ქურდობასთან დაკავშირებით დანაშაულის გახსნამ 21%-ით იკლო. ეს ცხადყოფს იმას, რომ კრიმინალური მდგომარეობა არის უმძიმესი ქვეყანაში, მე მიჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შედეგი იმისა, რომ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის, არჩევნებთან დაკავშირებით და ხარკს ხომ არ იხდის დღეს ხელისუფლება იმ მდგომარეობის გაუარესებით, რაც მიიღო კრიმინალის თარეშთან დაკავშირებით? ცალსახად ჩანს, რომ 2017 წელსა და 2018 წელს შორის რადიკალური განსხვავებაა, ცალსახად ჩანს, რომ ამ პერიოდში არ ხდება ოპერატიული ღონისძიების ჩატარება დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით და ამიტომ დაიწყო დანაშაულის ზრდა. ხომ არ არის ეს ხარკი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? ყველამ ვიცით, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, ყველამ ვიცით თუ როგორ იყო ჩართული კრიმინალური სამყარო ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე დანაშაულის ზრდაც ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა დავითაიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს:
„ბოლო ხანებში გვესმის საუბარი იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიძლება დაწინაურდეს და გახდეს პრემიერ-მინისტრი, სტატისტიკის ამ ფონზე, დანაშაულის 60%-ით ზრდის ფონზე, თუ როგორი შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ როგორ შეიძლება დაწინაურდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მისმა პრემიერობამ, ცალსახად საზოგადოებამ უნდა დაინახოს. საზოგადოებამ უნდა დაინახოს ის, რომ დღეს ფაქტობრივად ძალოვანი სტრუქტურები, კრიმინალური მდგომარეობის ზრდის ფონით იხდიან ხარკს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაიყვანეს და მოახდინეს სინთეზი არჩევნების პერიოდში და გაიყვანეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“, - განმარტა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






