დებატებისას მთავარ პრობლემად წინასაარჩევნო დარღვევები, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარება დასახელდა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფი სალომე ზურაბიშვილი, პირველ სამუშაო შეხვედრას სწორედ იმ ევროპარლამენტარებს შეხვდება, ვინც დღეს ღიად დააფიქსირა არჩევნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.
„იმედგაცრუებულები ვართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. კარგი შესაძლებლობა იქნება თუ მის ვიზიტს გამოვიყენებთ და განვიხილავთ ამ საკითხებს, როგორც საქართველოს მეგობრები,“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რებეკა ჰარმსმა.
„მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია, მაგრამ ერთი მხარე სარგებლობდა უპირატესობით და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა პროცესს ორივე მხარეს ძირი გამოუთხარა. ჩვენმა წევრებმა ზოგიერთ უბანზე და მის მიმდებარედ შენიშნეს ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც მითითებას აძლევდნენ ამომრჩეველს, ასევე ინიშნავდნენ, ვინ მივიდა უბანზე და ვინ არა - მსგავსი ქმედებები საარჩევნო პროცესის დროს უნდა გამოირიციხოს.
რაც შეეხება კამპანიას, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებზე, რომ შლიდნენ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს, ასევე არსებულ შეშფოთებებზე. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საჯარო მოხელეების მონაწილეობაზე კამპანიაში სამუშაო საათების დროს.
გამოვხატეთ შეშფოთება და აღვნიშნეთ, რომ ეს ყველა ეს ქმედება შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება ევროსაბჭოს სტანდარტებს დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, არსებობს დისბალანსი შემოწირულობებსა და ხარჯებს შორის, რამაც ვერ შეუწყო ხელი თანაბარ გარემოს,“- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლმა, ანდრეი ჰანკომ.
არათანაბარ დაფინანსებასა და მმართველი პარტიისგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გაუსვა ხაზი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა აბერგ ბოიანმა:
"საჯარო სექტორის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ, რომ სამსახურს დაკარგავდნენ. უდაოდ, ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილებამ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფონდის მიერ, სარგებელი მოუტანა მის კანდიდატს, ეს იყო ხმების მოსყიდვის ნამდვილი და დახვეწილი შემთხვევა,"- აღნიშნა ბოიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






