ეკონომიკის მინისტრის განცხადებით გაზპრომთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება რუსულ მხარესთან ახლ შეთანხმებაზე მუშაობს და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ისევ წინა კონტრაქტის პირობები მოქმედებს:
„ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ყველას მოგახსენებთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„გაზპრომთან“ დადებულ კონტრაქტს, რომლის საფუძველზეც სომხეთს რუსეთიდან ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით მიეწოდება ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა.
2017 წლის დასაწყისში საქართველომ “გაზპრომთან” ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მთავარი ამ ხელშეკრულებაში ის იყო, რომ შეიცვალა ბუნებრივი აირის ტრანზიტის ანაზღაურების სქემა – თუ მანამდე, წლების განმავლობაში, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ, საქართველო ტრანზიტის საფასურად ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული რუსული გაზის 10% იღებდა, ახალი ხელშეკრულებით, საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს კი აღარ იღებს, არამედ ფულად ანაზღაურებას. აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიცია და ექსპერტები საქართველოსთვის წამგებიანად აფასებდნენ, ახლაც მთავრობის ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ გაზპრომი საქართველოს ისევ კაბალურ პირობებზე ევაჭრება.
მასალის გამოყენების პირობები






