თავის მხრივ ოპოზიცია სუს-ში საკადრო წმენდას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ. ხელისუფლების ოპონენტების თამით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შურისძიებას ცდილობს.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შეფასება ხდებოდეს იმ შედეგით, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შედეგები არის მოლოდინზე გაცილებით უფრო კარგი. ამიტომ, დანარჩენი ინტრიგის თემები, რომლის შემოტანა მათ სურთ მედიის წესრიგში, უადგილოა,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობერიძემ.
კობერიძის თქმით, ის ხოჯევანიშვილს არ იცნობს.
"ნაკლებად ვიცნობ პიროვნულად იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სისტემაში. მე როგორც პარლემენტის დეპუტატი ვადევნებ თვალს იმ შედეგებს, და იმ შედეგებით ვაფასებ რაც იქნება წლიურ ანგარიშში მოყვანილი თუ სხვა. მოსმენა შეხვედრები მინისტრთან თუ სხვა"- განაცხადა დეპუტატმა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როტაცია ბუნებრივი მოვლენაა.
"ძალოვან სისტემაში როტაცია, საკადრო ცვლილებები ეს არის მიღებული. ეს არის არჩევნებამდე და მის მერეც. აქ არჩევნები არაფერშუაშია. ცვლილებები უნდა იყოს, ეს ჩვენი დაპირებაც იყო. ეს ცვლილებები პირველ რიგში აქტივში უნდა იყოს. უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ის აქტივისტები, ის წევრები, რომლებიც პარტიის ერთგულები არიან და დიდ მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში. ამასთან ერთად, სამსახურებში უნდა იყოს კომპეტენცია. ასე რომ, ცვლილებები არ უნდა გვიკვირდეს. ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს უკეთესს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება უკეთესობის მომტანი იქნება"- აღნიშნა დეპუტატმა.
მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის იმ განცხადებებსაც ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, სუს-ში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გავლენა ძლიერდება.
„მე კონკრერტული დეტალები არ ვიცი, რადგან ეს არ არის პარლამენტს მიბმული უწყება. მას არ აქვს ვალდებულება შიგნით მიმდინარე პროცესებზე ყოველდღიურ რეჟიმში ჩაგვაყენოს საქმის კურსში. ჩვეულებრივი პროცესია მოხდეს რეორგანიზაცია, როტაციები საკადრო ცვლილებები. მე არ ვიცი რა პროცესი მიმდინარეობს თუმცა არამგონია, რომ ეს რაიმე სახის სპეკულაციის საშუალებას იძლეოდეს... ვინ ვისთან არის მიბმული არასერიოზულია. ერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, გახარიაც, გომელაურიც, ცქიტიშვილიც და ყველა,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება. გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.
მასალის გამოყენების პირობები






