"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.
"დიდ პრინციპულობას არც არასდროს ველოდებოდი ეკა ბესელიასგან. არც იმის მჯერა, რომ ის მართლმსაჯულების სადარაჯოზეა და აინტერესებს რა ხდება სასამართლო სისტემაში, იმიტომ რომ მთელი ამ 7 წლის განმავლობაში ბესელიასთვის დისკომფორტი არ შეუქმნია იგივე მოსამართლეების სასამართლო სისტემაში ყოფნას. მეტიც, მან ისარგებლა პოლიტიკური კონიუნქტურით და ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან. შესაბამისად, მთელი ამ თითქოს დაპირისპირების მანძილზე, არასდროს მიფიქრია, რომ ბესელიამ პრინციპული პოზიცია გამოხატა. მან ისარგებლა იმ სურათით, რაც მოყვა მოსამართლეთა სიას საზოგადოების მხრიდან.
რაც შეეხება იმას, რატომ არ შევიდა ბესელია ივანიშვილთან ღია კონფლიქტში - ბესელია კარგად იცნობს ოლიგარქს და მისი მმართველობის სტილს, რომელიც არასდროს იყენებს დემოკრატიული მმართველობის სტილს. შეეშინდა კომპრომატების და სხვა ბინძური ხერხების, რომელსაც ივანიშვილი მუდმივად იყენებს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს წევრის თქმით, ბესელია პრესკონფერენციაზე შეშინებული იყო.
"არამგონია ეკა ბესელიამ უკან დასახევი გზა დაიტოვა. მას შინაგანი წინააღმდეგობა აქვს ივანიშვილის მართვის სტილთან დაკავშირებით"- აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






