საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიაზე ისაუბრა და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი სწორედ აღნიშნული გარემოება იყო.
ბესელია ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც გუნდის მოსაზრებით ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი დაარღვია მის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის წარდგენით.
„მე არასოდეს ვიხევ უკან, არ მჩვევია შუა გზაზე გაჩერება, არც ახლა ვაპირებ უკან დახევას, მე ვთქვი ის, რაც მიმაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად. არ მიმაჩნდა, რომ დღეს ივანიშვილის განცხადება იყო ყველაზე მთავარი, ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიული ეთიკაც, არასდროს მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი, არ მიმაჩნია, რომ დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიოკოსს რაიმეს შემატებს, მაგრამ არასდროს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ის არ ეთამხება იმ საკითხს, რომ მან გუნდურობის პრინციპი დაარღვია, რადგან არსებულ საკითხებზე მას ადრევე ჰქონდა საუბარი პარტიის მმართველობასთან:
„ის ნაწილი რომელიც ეხება ამ პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, ამას რა თქმა უნდა მივესალმები და არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით, ის არ არის სიმართლე, მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე. ეს საკითხი იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული, კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა დაასახელოს პირველი მოადგილე, როცა ზარდიაშვილი დასახელდა ჩემი მოსაზრება არ უკითხავთ, ამ საკითხზე ადრე მქონდა საუბარი და მიმაჩნდა, რომ კომიტეტი არ უნდა დარჩენილიყო პასუხისმგებელი პირის გარეშე“, - დასძინა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






