იურისტი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ახალი კრიტერიუმების შემუშავება მხოლოდ ფასადური ნაწილია და რეალურად არაფერი შეიცვლება.
„არავინ არ გეგმავს იმ სიაზე მთლიანობაში უარის თქმას. შეიძლება, რაღაც პროცედურებით არ მოხდეს იმ სიის ამ ფორმით დამტკიცება, მაგრამ მოხდეს სხვა ფორმით დამტკიცება. ახლა საუბარი არის გარკვეულ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე და მე კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ კრიტერიუმები და პროცედურები ამ შემთხვევაში შეასრულებს იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფურცელს, რომელიც ლამაზად შეფუთავს იმას, რაც არავის არ მოსწონს საქართველოში. ილია ჭავჭავაძე რომ ინიშნებოდა დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ, მას არ უთქვამს, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებო და ესენი ინიშნებიან უვადოდ უზენაეს სასამართლოში და ამბობენ, რომ წინასწარვე ვაკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს და აქედან გამომდინარე, რა იმედის მომცემ სიტუაციაზე შეიძლება, იყოს საუბარი,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მმართველ პარტიას 10-კაციან სიაში მყოფი მოსამართლეების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.
„ამ ეტაპზე პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ღიად თქვას, რომ ის ამ 10-კაციან სიას არ იზიარებს, არ დაუჭერს მხარს და არათუ ფორმალურად ჩააგდებს, პრინციპულად ის არ მიიღებს ამ 10-კაციან სიას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






