მარაგი დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს მიიტანეს, საიდანაც ტამიფლუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და აფთიაქებში გადანაწილდება.
პრეპარატის მიღებას პაციენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, სპეციალური მიმართვის საფუძველზე მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, თბილისში აფთიაქების საშუალებით წამლის გაცემა დღეს, საღამოს 8-9 საათიდან დაიწყება, ხოლო ხვალ 12 საათიდან რეგიონებში.
„ჩამოვიდა "ტამიფლუს" დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან - რაიონებში. მესამე მიმართულება არის - საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






