გედევან ფოფხაძის თქმით, ივანიშვილის განცხადებაში არ არის პასუხი იმაზე, უჭერს თუ არა არსებულ სიას მხარს პარტიის თავმჯდომარე:
„მთავარი, რაზეც უნდა ყოფილიყო პასუხი განცხადებაში, ეს პასუხი არ არის – უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილ სიას. ის ამბობს, რომ სწორი იყო სიის შეჩერება, სწორია, რომ ფორსირებულად ეს საკითხი არ წყდება, საჭიროა განხილვები, საჭიროა საკითხის მომზადება. ეს ყველაფერი ჩვენი პოზიცია იყო, ჩვენ ფორსირებული განხილვა რომ არ გვინდოდა, მაგიტომაც არ შედგა. გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება, რადგან გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან წარდგენილი სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ვეწინააღმდეგებით.“- განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძე უარყოფს გუნდის წინააღმდეგ წასვლის ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი გუნდურობა იმ პრინციპების ერთგულებაში გამოიხატება, რომლითაც 2012 წლის არჩევნები მოიგეს:
„რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერმოსამართლების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები.
მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყელაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში არ ზიან, თუმცა მგონია, რომ მათ შორის ბევრი ციხეში უნდა იჯდეს. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, იმ სასჯელებს უნდა იხდიდნენ, რომელსაც იმსახურებენ, რადგან სისტემურ დანაშაულში ჩვეულებრივი თანამონაწილეები იყვნენ.
ჩემი გუნდი არ არის ვანო ზარდიაშვილი. არაფერი საერთო ვანო ზარდიაშვილთან არ მქონია და არ მექნება ღირებულებების დონეზე. ვინც არის ჩემი გუნდი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძვი, იმასთან ბოლომდე ვაპირებ ყოფნას. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გედი ფოფხაძე არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებაში“, ისინი გადადგამენ ნაბიჯს გუნდის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით. ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი დაშორდებიან გუნდს და ღირებულებებს."-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






