მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ–რომაული ჭიდაობა უძველესი, მსოფლიოში ცნობილი სპორტის სახეობაა და უამრავ ილეთს მოიცავს, სპორტსმენმა მუხრან მაჭუტაძემ ამ დიდ საქმეში თავისი კუთვნილი წვლილიც შეიტანა _ მან, წლების წინ, ახალი, ექსტრაორდინარული ილეთი მოიფიქრა, რომლის წყალობითაც თვითონაც არაერთი შეჯიბრება მოიგო და შემდეგ უკვე, მისმა მოსწავლეებმაც _ მან ხომ 2013–14 წლებში ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში უკვე მწვრთნელის ამპლუაშიც მოსინჯა ძალები. ცოტა ხნის წინ, მუხრანის მოსწავლეებიდან _ დავით ჩხარტიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს პრიოზიორი, თემურ ჭკუასელიძე კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი. ამ ილეთს სპორტსმენის სახელსაც ეძახიან _ მაჭუტაძის ილეთი და მის საჩვენებლად ის უცხოეთის სპორტულ წრეებშიც არაერთხელ იყო მიწვეული, ამა თუ იმ ქვეყანაში მწვრთნელობის პერიოდში კი იქაურ მოსწავლეებსაც ასწავლა. შვიდგზის საქართველოს ჩემპიონსა და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს ილეთთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.
შეგახსენებთ, რომ მუხრან მაჭუტაძეს საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს, იგი ადრეული ასაკიდან _ 1996 წლიდან აქტიურადაა ჩართული სპორტის ამ სახეობაში და საქართველოს მასშტაბით ბევრი შეჯიბრება აქვს მოგებული. 1999 წელს, დანიაში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2000 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში _ ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 2001–ში _ ვერცხლის მედალოსანი. წარმატება მის ცხოვრებაში ყოველწლიურად მოდიოდა, თავდაუზოგავი შრომის წყალობით, მცირე ტრავმების მიუხედავად, ფორმაში ყოფნას ის ყოველთვის ახერხებდა. 2007 წელს, ეროვნული ნაკრებიდან, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მაჭუტაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა, 2008 წელს, ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან–პრი და მესამე ადგილი ხვდა წილად, ნიცის საერთაშორისო ტურნირზე კი მეორე ადგილი, 2011 წელს.
_ მუხრან, რაში მდგომარეობს იმ ილეთის ,,საიდუმლო ", რომლის წყალობითაც ბერძნულ–რომაული ჭიდაობის სტილს გარკვეულწილად თქვენი ხელწერა დაეტყო და ბევრი შეჯიბრებაც მოიგეთ?
_ ეს ილეთი მაშინ მოვიგონე, როცა ვარჯიში, ფაქტობრივად, ახალი დაწყებული მქონდა. თავიდან რაღაცებს ჩემითაც ვაკეთებდი და ერთ–ერთი ვარჯიშის დროს, მომაფიქრდა, მერე კი უფრო დავხვეწე. პატარების შეჯიბრებაზე ამ ილეთით მსოფლიო ჩემპიონატიც მოვიგე. ეს 1999 წელს იყო. ამ ილეთს სხვა შეჯიბრებებზეც ვაკეთებდი და მწვრთნელობა რომ დავიწყე, ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლე, მართლაც კარგად გამოსდიოდათ. სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლისას და იქ მუშაობისას, ამ ილეთს სხვებსაც ვასწავლიდი, მაგალითად, თურქეთში ბევრს ვასწავლე და ჩემს სახელს ეძახდნენ. ამ ილეთის საჩვენებლად სპეციალურად მიწვეულიც ვიყავი.
ბერძნულ–რომაული ჭიდაობის ახალაზრდული ნაკრები ზედიზედ ორი წელია იგებს შეჯიბრებებს ამ ილეთის წყალობით_ საერთოდ, მოგვერდი ხელით და თავით კეთდება, მე კი მხოლოდ მაჯებით ვაკეთებ. ამაშია ამის ,,საიდუმლოც ".მე მიხარია, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში, ახალგაზრდულ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე უმეტესწილად უმაღლესი შედეგი ჰქონდა გუნდურ პირველობაში, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი უმაღლესი შედეგი, სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ბევრი მედალი მოვიპოვეთ.
მასალის გამოყენების პირობები