დღესვე დეპუტატები კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კენჭს გედევან ფოფხაძეს უყრიან. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური პოსტის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი მოადგილე ასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე მოიაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიც. მმართველ გუნდში პოზიციები ორად იყოფა. მწვავე დაპირისპირების შემდეგ "ქართული ოცნება" ორ ნაწილად გაიყო - ეკა ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
კანდიდატებს 17-დან 9 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.
„ჩემი ინტერესი არის ის, რაც ეკა ბესელიას პრინციპული პოზიცია იყო, ეს პოზიცია იურიდიულ კომიტეტში იყოს ბოლომდე დაცული. მ ე იგივე პოზიციაზე ვარ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ისეთი მაღალის სტანდარტის, რომ არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ არც ერთ მოქალაქეს არ გაუჩნდეს კითხვის ნიშნები. მე მესმის, რომ გუნდის შიგნით ხდება საერთო სტრატეგიების შემუშავება, მაგრამ ის, რომ საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრის გამოთქმის სივრცე გავაქროთ, ეს მე მგონი დემოკრატიული სტანდარტი ვერ იქნება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ფრაქცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის იურიდიულ კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან კოალიციაში „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






