"იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე... თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა... მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ. " - წერს სუბელიანი.
იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს თამაზ ახობაძე, რომელიც ანა სუბელიანთან ერთად გაანთავისუფლეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან. თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი ერთად იბრძოდნენ ამ გადაწყვეტილების უსამართლობის დასამტკიცებლად.
2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა.
იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
თამაზ ახობაძე დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






