ოპოზიციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძის უვადო გამწესებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეალური ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყანა გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის შესახებ კახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვინდა გამოვეხმაუროთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც მათ გუშინ უვადოდ დაამტკიცეს მოსამართლე ლევან მურუსიძე. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს მართლმსაჯულების სისტემას, არამედ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა - ხარებავამ, გზირიშვილმა, ქადაგიძემ. ეს არიან პირები, რომლებიც პარლამენტმა გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ბატონი მურისიძის დანიშვნა არის, ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის პირდაპირი შედეგი და ასევე "ქართული ოცნების" გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგი.
მე მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - პირველ რიგში, გაიაზრონ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს და რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს კი ნუ გვთავაზობენ საზოგადოებას, არამედ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყონ“, - განაცხადა კახიძემ.
მისივე განცხადებით , ხელისუფლებამ რეალურად უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა ბოლოს და ბოლოს ჩვენს საზოგადოებას ეღირსოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პაკეტი წინადადებების, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და დავიწყოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს, რომელიც დღითიდღე გააუარესებს სასამართლოში მდგომარეობას. ეს არის ჯგუფი, რომელიც იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მორჩილი, და მზად არის ნებისმიერი დაკვეთა და ნებისმიერი დავალება შეასრულოს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ქართული საზოგადოების ვალია, ყველანაირად შევეცადოთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






