ექსპერტები "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ. მეტიც სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს.
პოლიტოლოგების შეფასებით, გუნდის ლიდერები თავიანთ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან, რადგან მათ უკან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას.
„კრიზისმა თავი იჩინა და ამ ფორმით გადმოხეთქა. დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აქ არ არსებობს, სისტემა აგებულია ერთ ადამიანზე, პარაზიტირებს მის რესურსებზე. ისინი უფრო ცდილობენ შიდა კონფიგურაცია შეცვალონ.
არ გამოვრიცხავ ეს ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ შეეცდებიან ალბათ, რომ თანაცხოვრების ახალი ფორმატი მოძებნონ,“- ამბობს გია ხუხაშვილი.
თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, "ოცნებაში" ერთდროულად არის კრიზისიც და გადახალისების მცდელობაც.
"ნიშანდობლივი იყო მათ შორის კობახიძის განცხადება, რომ "ოცნებას აღარ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისთავის, როგორც ჩანს, მზად არიან, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩახსნა იგეგმება, უბრალო უმრავლესობას შეინარჩუნებენ და აღარ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ, რომ რაც უნდოდათ, უკვე გაიტანეს.
ალბათ, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. რადგან `ოცნებაში~ ერთდროულად არის კრიზისიც და გადახალისების მცდელობაც,“-ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი კანდიდატების მიუღებლობის მოტივით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, მანამდე კი მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გაათავისუფლა.
ბესელია ამბობს, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






