საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა რატომ მიიჩნევს თავს მურუსიძე სასამართლოს ლიდერად.
„თქვენ ახლახან ბრძანეთ, რომ მე ვარ სასამართლოს ლიდერი, რა ლეგიტიმაციის ლიდერი ბრძანდებით? რატომ ხართ თქვენ დღეს სასამართლოს ლიდერი?“- მიმართა კითხვით ნაზი ჯანეზაშვილმა ლევან მურუსიძეს.
ლევან მურუსიძის თქმით, ის სასამართლოში ლიდერია.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მას აქვს მოსამართლეებთან ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე.
„გეტყვით, რატომ ვარ ლიდერი. ლიდერი ზოგადად ყალიბდება იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც აქვს ადამიანს. ამიტომ თანამდებობაზე როდესაც არის ადამიანი, შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ არ იყოს ლიდერი, მაგრამ იყოს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს თანამდებობა, მაგრამ იყოს ლიდერი რეალურად. არ მინდა საკუთარი თავის ქება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქვს იმის უნარ-ჩვევები, რეალობა, ურთიერთობა, ამიტომ გეუბნებით, რომ მოიკითხეთ სასამართლოში რის საფუძველზე არის ლევან მურუსიძე ლიდერი, რას უშვრება ლევან მურუსიძე მოსამართლეებს, აშინებს? რამეს ჰპირდება?
არც საბჭოს მდივანი ვარ, არაფერი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. მე ვარ ლევან მურუსიძე ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, აგერ მითხარით, მე მოვედი ამაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას გავცე პასუხი. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






