საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წელს, საქართველო მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს იმისათვის, რომ დეოკუპაციის საკითხმა წინ წაიწიოს. ბახტაძის განცხადებით, საქართველოს წინაშე ორი უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე რჩება.
„ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძემ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ ისაუბრა:
„ვფიქრობ, რაც დღეს ვნახეთ, არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ჩვენი პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევასა და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






