ცნობისთვის, ჯუმბერ იზორია მას შემდეგ დაითხოვეს სამსახურიდან, რაც მისი საცხოვრებელი სახლიდან კონტრაბანდული სიგარეტისა და საწვავის გაყიდვის ფაქტი მედიამ დააფიქსირა.
ჯუმბერ იზორია დღეს ამბობს, რომ გენ ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, მისი ბრალეულობა საქმეში არ დადასტურდა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მურთაზ ზოდელავას შეფასებით, პოლიციის მაღალჩინოსანს გახარიამ არჩევნებზე მუშაობა დაუფასა.
როგორც „ნიუპოსტს“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განუცხადა, არჩევნებზე ჯუმბერ იზორიას შტაბი ჰქონდა გახსნილი, სადაც ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება და არჩევნებზე მოსახლეობის დაშინება ხდებოდა.
ხელისუფლების ოპონენტი ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის საქმე თემურ აბაზოვის საქმეს ადარებს:
„ეს ფაქტი არის იმის ანალოგი, რაც მოხდა თემურ აბაზოვთან მიმართებით. გახსოვთ, როგორ გაუსწორდა მარნეულის მერი რიგით მოქალაქეს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოძალადე თვალთმაქცურად დააკავა "ოცნებამ", რითაც ოდნავ გაიკეთილშობილა სახე, მაგრამ როგორც კი არჩევნები მიილია, მაშინვე რეალურ სახეს უბრუნდება ივანიშვილის ხელისუფლება. სწორედ ამ რეალური სახის რეალური მაგალითებია აბაზოვი, ჯუმბერ იზორია, რომელიც გახარიამ არჩევნებამდე მოხსნა, როგორც კორუმპირებული და იმის მაგალითად, როგორი არ უნდა იყოს ადგილობრივი ჩინოვნიკი. არჩევნებიდან მალევე, ამ ადამიანებმა ნიღაბი მოიხსნეს და გახდნენ ნატურალურები - ისევ გაუმაძღარ ჩინოვნიკებს აბრუნებენ" - აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზოდელავამ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ჩხოროწყუში იზორიას პარალელური შტაბი ჰქონდა გახსნილი, სადაც ავღანელთა კავშირი ჰყავდა მობილიზებული, რომლის თავმჯდომარეც რეგიონში თავად არის.
"მას შტაბში მობილიზებული ჰყავდა ძველი ბიჭები, ნარკომანები. ამ შტაბიდან ნარკოტიკების დარიგება ხდებოდა. ამ შტაბიდან ხდებოდა გარკვეული მანიპულაციები, მაგალითად, მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება, პირობითის გაუქმების საკითხებისა და პატიმრების გამოშვების შეთანხმება. ამავე შტაბიდან ხდებოდა შავი ფულის "ქეშად" გაცემა, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ, როგორც ჩანს გახარიამ ჩათვალა, რომ მან კარგად შეასრულა დავალება"- თქვა მურთაზ ზოდელავამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „საქართველოში კანონზე მაღლა ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი დგას“.
"აბაზოვიც ხომ ბიძინა ივანიშვილს მიუყვანეს აუდიენციაზე, დღეს საკითხავი ის არის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია - მერობა თუ ივანიშვილთან პირადი აუდიენცია? "ქოცური" გაგებით, რა თქმა უნდა - მეორე. როგორც უკვე აღვნიშნე, იგივე მოხდა ჯუმბერ იზორიასთან დაკავშირებითაც. "ქართული ოცნების" სახე აბაზოვი და ჯუმბერ იზორიაა და არა ის, რაც გააკეთეს წინასაარჩევნოდ, როცა პოლიტიკური მაკიაჟი გაიკეთეს"- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






