ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა.
სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის/დადგენის მიზნით. არ მომხდარა სხვადასხვა ეტაპზე საქმის მწარმოებელი გამომძიებლებისა და პროკურორების დაკითხვაც ამ გარემოებების გამორკვევის მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგეგმება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა და რომელიც მისცემს გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს:
1) გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები;
2) გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით);
3) მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისშესახებ;
4) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






