კანონპროექტის განხილვამდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საბაჟო კოდექსის პროექტის დაჩქარებულად განხილვა გააპროტესტა იმ მოტივით, რომ ამ მნიშვნელოვანი, საკმაოდ მასშტაბური დოკუმენტის დეტალურად განხილვას შესაბამისი დრო სჭირდება, რაც კანონმდებლებს ფაქტობრივად არ დაუტოვეს.
დავით ჭიჭინაძე „ნიუპოსტთან“ კომენტარში არ გამორიცხავდა, რომ საბაჟო კანონში ცვილებების დაჩქარებული წესებით შეტანას ვინმე ლობირებდეს.
კანონპროექტის ფორსირებულად განხილვის წინააღმდეგი იყვნენ ხვა დეპუტატებიც. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა კანონმდებლებს კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე წარუდგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაქტობრივად ახალი კანონი, საბაჟო სფეროს ძირითადი მარეგულირებელი დებულებები უცვლელი რჩება, ამასთანავე პროექტით შემოთავაზებულია მნიშვნელოვანი სიახლეები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი საბაჟო კოდექსი შესაბამისობაშია ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან, რისი ვალდებულებაც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც გაამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კანონპროექტით ასევე შემოტანილია გარკვეული სიახლეები: სასაზღვრო ფორმების გამარტივება, მარტივი რეექსპორტის შესაძლებლობა, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ახალი დეფინიცია, საბაჟო გადაწყვეტილება და მისი შეჩერების მექანიზმი, დეკლარირების ახალი ფორმები, შესაძლებელი ხდება გამოყენებული იქნას გარანტიის ახალი სახე - თავდებობა და ა.შ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელსაც ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს და განმარტება გააკეთა დეპუტატების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ასე ფორსირებულად განხილვა.
„კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვის თხოვნა პარლამენტში შემოსული არ არის. ასე ვერც იქნება, რადგან ეს არის ახალი კანონპროექტი. უბრალოდ კანონპროექტში არის ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია დადებითად აისახოს მეწარმეებზე, როგორც საბაჟო პროცედურების გამარტივების კუთხით, ასევე საგადასახადო ჯარიმების შემცირების კუთხით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მოგვარდეს არაერთი დავა, რომელიც მიმდინარეობს და დავის პროცესში არსებულ საკითხებს შეეხება ცვლილებები. ეს კი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები სწრაფად იქნას მიღებული. გარდა ამისა, არსებობს ასოცირების ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები, რომელიც დროულად გვსურს შევიყვანოთ ძალაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანმდევ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, „საგადასახადო კოდექსის" თანახმად, სანქციების გადახედვა ხორციელდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, მიუხედავად კანონპროექტის არაერთი დადებითი მხარისა, მეტი განმარტებაა საჭირო საკითხის დაჩქარებულად განხილვასთან დაკავშირებით.
„იყო თხოვნა მთავრობისგან და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან, რომ განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. დღევანდელი განხილვაც ამ თხოვნის საპასუხოდ შედგა. უნდა ითქვას ისიც, რომ კანონპროექტში არის აშკარად დადებითი მომენტები არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით, თუმცა რჩება კითხვები, რომლებსაც იმედია პასუხი აუცილებლად გაეცემა", - განაცხადა რომან კაკულიამ. მისივე თქმით, მთავრობისგან მეტი განმარტებაა საჭირო კანონპროექტის მიღების დაჩქარების აუცილებლობის კუთხით.
კომიტეტების წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები






