იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატურა დასახელდა, აღნიშნულ სხდომას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ათივე კანდიდატურას აკრიტიკებენ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ დღის წესრიგი ცნობილი მხოლოდ გვიან საღამოს გახდა და საბჭომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად და ფარულად მიიღო.
„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაჩქარევად და ჩუმად გუშინ გვიან ღამე ჩაესვა დღის წესრიგში ეს საკითხი და დღეს უკვე გამოაცხადეს კონკრეტული გვარები, რომელშიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემური მოსამართლე მოჰყვა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ოლიკო შერმადინი დასახელებულ კანდიდატებს კლანის წარმომადგენელს უწოდებს:
„პარლამენტმა არ უნდა დაუშვას, რომ ამ წესით და ასეთი პროცედურული დარღვევებით წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს და რაც მთავარია, არ უნდა დაამტკიცოს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანდიდატები არიან კლანის წარმომადგენლები მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და სხვები და არიან მხოლოდ და მხოლოდ სისტემისადმი ერთგულების ნიშნით შერჩეული,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ციმაკურიძეც კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ის ადამიანები, ვინც არიან ამ სიაში შეყვანილი, არიან შერჩეული მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და რომ ისინი მუდმივად სხვადასხვა დროს იყვნენ ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ან არიან მოქმედი წევრები, ან სასამართლოების თავმჯდომარეები. მყარად არიან დაკავშირებული კლანთან," - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






