ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საუბრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიებას არ აქვს საკმარისი საფუძველი მიხეილ კალანდიას სამართლებრივი დევნის დასაწყებად. ზაზა სარალიძემ შს მინისტრის განცხადებები შეაფასა:
„რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, მართლაც სიახლეა, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი. უცნაური აქ არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და გამოძიება უნდა დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით, საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის. თავიდან გამოძიება არ დაიწყება. მინისტრმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ თვლის მიზანშეწონილად, რატომ ელოდება სააპელაციო სასამართლოს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები. შს მინისტრს ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ არის საფუძველი მ.კ-ს სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი აქვთ, საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, არ ვიცი ეს ვინ არის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურა და შს მინისტრი რაღაცაზე არიან შეთანხმებული:
„ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს, იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილსა და ფხაკაძეზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ ასევე ისაუბრა ბრალდებაზე ოპოზიციასთან გაიგივების შესახებ:
„მინისტრს ჩემზე არ უთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიაო ან რომელიმე პარტიიდან არის, მაგრამ თითქოს გამოიყენესო. რატომ მისცეს უფლება ოპოზიციას, გამოეყენებინა გინდა ჩემი და გინდა მაჩაკილაშვილის საქმე. თავის დროზე დაეყენებინათ სამართალი, ხომ არ დავდგებოდით ქუჩაში და ხომ არ ექნებოდა ვინმეს პრეტენზია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






