საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს პარლამენტს, მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა იწურება. ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით, ზვიად გამსახურდიას შვილები თითქმის ერთი კვირაა, მთავარი პროკურატურის შენობაში შიმშილობენ.
მასალის გამოყენების პირობები






