საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია - როგორც ცერემონიალის ორგანიზატორები აცხადებენ, საქმე პომპეზურობასთან არ გვექნება. ანალოგიურად ცატარდა გიორგი მატგველაშვილის ინაუგურაციაც, რაზეც თავად მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ვერ შეძლებდნენ „ფეშენებლური ინაუგურაციების“ მოწყობას.
მიუხედავად ამის - გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას 53 ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. მათ შორის, ლიეტუას პრეზიდენტი, აზერბაიჯანისა და ავსტრიის პრემიერები და 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ქვეყნები კი საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, პარლამენტის თავმჯდომარეებისა და ვიცე თავმჯდომარეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას - სხვა სტუმრებთან ერთად, 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ესწრებოდა.
2008 წელს გამართულ ინაუგურაციაზე კი საქართველოში 5 ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ესენი იყვნენ: ტრაიან ბაშესკუ - რუმინეთი, ტოომას ჰენდრიკ ილვესისი - ესტონეთი, ვალდას ადამკუსი - ლიეტუა, ვალდის ზატლერსი - ლატვია, ლეხ კაჩინსკი - პოლონეთი.
ხოლო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმრად გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.
მასალის გამოყენების პირობები






