გუდაურში ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სეზონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ბახტაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია გუდაური გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი:
„სასიხარულოა, რომ ექვსი ახალი საბაგიროდან სამი არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ კობი, გუდაური და სტეფანწმინდა ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ კურორტ გუდაურის 30 წლის იუბილეს და ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც 30 წლის წინ, ამ კურორტის განვითარების დასაწყისში მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები საუკეთესო ყოფილიყო მსოფლიოში, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით საქართველო მართლაც დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






