კახი კალაძემ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და მოქალაქეებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ. საახალწლო კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას - საზოგადოებას აქაც არ დავყოფთ „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან ამა თუ იმ ჯგუფად საზოგადოების დაყოფა კატეგორიულად მიუღებელია. მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებებში დაახლოებით, 500 მონაწილე იქნება ჩართული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, 7 იანვარს, საახალწლო სოფელს ყველა დროისა და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დახურავს, რომელიც „თბილისის ცის ქვეშ“ პირველად გათამაშდება.
„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორკესტრთან ერთად, ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა შესრულდება. რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები გაჟღერდება. წარმოდგენილი იქნება 40 ნომერი და მსმენელის წინაშე 170 მუსიკოს-შემსრულებელი წარსდგება. დარწმუნებული ვარ, ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება სივრცეები, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და საახალწლო განწყობა შეიქმნათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული იყავით, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვიქნებით. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






