"საშიში პრეცედენტი" - ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი პარტიის ინიციატივა კონსტიტუციის გარანტირებული პრინციპების უხეში დარღვევაა.
რაც შეეხება ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას, ყოველგვარი კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამით ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს პროფესიულად ემსახურებოდნენ საჯარო ინტერესებსა და საზოგადოებას.
„ეს ინიციატივა ძალიან ნათელია, რომ არის მთელი რიგი პრინციპების უხეში უგულებლყოფა და მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპების და საერთოდ ეწინაღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთებას, მიზნებსა და ამოცანებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან ნაჩქარევად მომზადებული ინიციატივა და დაჩქარებული წესით არის ამ ინიციატივის განხილვაც დაგეგმილი და მისი მიზანი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც, თითქმის, ყველა პრეზიდენტის დროს, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, პროფესიულად მუშაობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ არა რომელიმე პრეზიდენტს, არამედ საჯარო ინტერესს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ეს ადამიანები იყვნენ მარტივად გასაშვები სამსახურიდან, ყოველგვარი კომპენსაციის, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე... ამგვარი ცვლილება სახიფათოა, რადგან ამით სახელმწიფო ეუბნება საჯარო მოხელეს, რომ ერთ დღეში ბევრი ადამიანი შეუძლია გამოიყვანოს კანონის მოქმედების სფეროდან და დატოვოს ჰაერში"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. კანონპროექტი სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






