"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. კანონპროექტი სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 160 თანამშრომელი სახლში კომპენსაციისა და ახსნა განმარტებების გარეშე გაუშვას და ახალი თანამშრომლებიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე მიიღოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.
ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 58-ე მუხლში შედის და მისი მიხედვით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება, გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება და შესაბამისად, ისინი აღარ ჩაითვლებიან საჯარო მოხელეებად.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს.
როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს და უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები.
მასალის გამოყენების პირობები






