აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააკეთა.
„დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება რეალურად, ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა - მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამ ეტაპზე, რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა”- აღნიშნა სალაძემ.
საიას ხელმძღვანელის თქმით, თუ განათლების მინისტრს დაიბარებენ პარლამენტში, ის ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდეს.
“თუ დაიბარებენ რეგლამენტის მიხედვით, ის ვალდებულია გამოცხადდეს, თუმცა არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩინოვნიკები არ ცხადდებიან პარლამენტში. ამ ეტაპზე, მე თავს შევიკავებ რაიმე ტიპის შეფასებისაგან ვინაიდან, იმდენად მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია, უფრო მეტი ინფორმაცია, აუცილებელია გადამოწმება. მათ შორის არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ამ სამწუხარო მოვლენის შესახებ. ამიტომ ახლა რაიმე ტიპის სპეკულაციებზე საუბარი ან წინასწარი დასკვნების გამოტანა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული”,- განაცხადა სალაძემ.
ოჯახის განცხადებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე პოლიტიკური დევნა განხორციელდა, ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ია კერზაია 2 დღის წინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში ინსულტის დიაგნოზით იყო მოთავსებული.
მისი შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






