საგანგებო ბრიფინგი დღეს ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კახა ასკურავასთან, ერთად გამართა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.
ოპოზიციის წევრებმა დღეს ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც ნუგზარ ცინცაძე კურიერის გურიის ბიუროს ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და იგივე პირი ბრალდებულია ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმაშიც.
“ჩვენ გვინდა საზოგადოებას წარმოვუდგინოთ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ეყრდნობა, მათ შორის ერთ-ერთ მედია საშუალება და ისტერიულად ცდილობს ამ ვერსიის „გაპრავებას“. ეს არის ნუგზარ ცინცაძე, რომელიც არის ქართული ოცნების ზონდერი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიიტანა იერიში ქართული ოცნების ოფისზე. ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში არის საქმე აღძრული, თუმცა დღემდე არაა გამოძიებული. ამ ადამიანზე პროკურატურაში რამდენიმე საქმე წარმოებს და ახლა ამ ადამიანის მეშვეობით ცდილობს პროკურატურა და ხელისუფლება, რომ გაყალბებული პირადობების საქმეზე სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს საქმე. მოვუწოდებ პროკურატურას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ეს არაა საქმე, რომლიდანაც ასე იოლად გამოძვრებით.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კახა ასკურავას თქმით, ნუგზარ ცინცაძე პროკურატურის ცრუ მოწმეა. ის ლანჩხუთშიც კი არ იმყოფება და კომენტარებს სხვა ქალაქიდან იძლევა:
„ნუგზარ ცინცაძე ამ საქმესთან შემხებლობაშიც არაა, ის ლანჩხუთშიც არაა და კომენტარებს ერთ-ერთ ტელევიზიისთვის ბათუმიდან იძლევა. საერთოდ რა შემხებლობა აქვს ამასთან, გარდა იმისა, რომ არის პროკურატურისა და ქართული ოცნების მიერ მოყვანილი ცრუ მოწმე. დღეს პროკურატურაშია გამოძახებული და რა ჩვენებას მიცემს და რას მოიტყუება არავინ იცის. მე ვეკითხები ქართულ ოცნებას და პროკურატურას, საიდან, რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი ამ საქმეში.“- განაცხადა კახა ასკურავამ.
მასალის გამოყენების პირობები






