"ვინაიდან, ამგვარი ინფორმაციის მოკვლევა და დამუშავება უმნიშვნელოვანესია სახალხო დამცველის აპარატის ეფექტური ფუნქციონირებისა და მანდატის შეუფერხებელი განხორციელებისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა მოგვეცეს გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლასა და უფლებადარღვევების ეფექტურ გამოვლენას"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის განცხადებით, არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2018 წლის მანძილზე აქტიურად ამოწმებდა დახურულ დაწესებულებებს.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვას. N8 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობასა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ რიგ ნაბიჯებს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ დადებითად უნდა აღინიშნოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხი.
"მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებებისა, სისტემაში კვლავ რჩება არაერთი პრობლემა და გამოწვევა. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა. სამწუხაროდ, კვლავ უცვლელია პოლიტიკა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებთან მიმართებაში. არსებული მიდგომები ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას,
ზოგად პრობლემას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო აქტივობების სიმცირე. განსაკუთრებით საყურადღებოა მდგომარეობა იმ დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღის განმავლობაში 23 საათს საკნებში ატარებენ და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაკავდნენ მათთვის საინტერესო, ღირებული აქტივობებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის დროული იდენტიფიცირება, შესაბამისი სერვისების მიწოდება და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია"- აღნიშნულია მიმოხილვაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, "ჩატარებულმა მონიტორინგმა პრობლემები გამოავლინა პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით.
გამოწვევას წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების სრულყოფილად, „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად დოკუმენტირება და ამ კუთხით, დამატებით მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის განგრძობადი სწავლება. სამმართველოებში გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს დაკავებული პირების რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების ადრეული ეტაპიდანვე პროცესში ადვოკატის ჩართვის უზრუნველყოფა"- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები






