ომბუდსმენმა დღეს გასული წელი შეაჯამადა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, პოლარიზებულ ვითარებაში და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე წარიმართა საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი, ასევე მეორე ტური.
"დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო, განსაკუთრებით, კი მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. სამწუხაროდ, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას დაეცვა გაეროს დეკლარაციისა და ეუთოს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები ადამიანის უფლებების დამცველების თაობაზე სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დროს.
საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლის და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია, მოხდეს დანაშაულის პრევენცია, ასევე დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება"- აღნიშნავს სახალხო დამცვალი.
მასალის გამოყენების პირობები






