მოლას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული.
სადიგოვი ამტკიცებს, რომ ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა.
"ერთი თვის წინ ჩემი სახლი გაქურდეს და დიდი რაოდებით ოქრო და ჩემი მეუღლის ბრილიანტები წაიღეს,გამოძიება დაიწყო, თუმცა მისი შედეგი ამ დრომდე არ ვიცი, იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებს შესაძლო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. უშეგო გამოძიების გამო ჩემი პოზიცია სოციალურ ქსელში, პირდაპირი ეთერის რეჟიმში დავაფიქსირე - ვამბობდი, რომ სავარაუდო დამნაშავე აქვე სოფელშია და ამას პოლიცია არ აკავებს. სწორედ ამ ვიდეოს მოჰყვა ჩემს მიმართ ძალადობა"- აცხადებს ელდანიზ სადიგოვი.
მოლა ამბობს, რომ ის სასტიკად მისივე თანასოფლელმა მირალ გასანოვმა სცემა.
ოჯახის მტკიცებით, გასანოვმა ის სახლიდან დილით მოტყუებით გაიყვანა, სოფლის სასაფლაოზე კი ჯერ დანით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი მის დახრჩობას ცდილობდა.
ნაცემი მოლა, მისივე მტკიცებით, სავარაუდო მოძალადემ სოფლის სასაფლაოსთან დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"დღეს დილით სახლში ვიყავი, როცა მირალ გასანოვმა დამირეკა და გარეთ გასვლა მთხოვა. გავედი შემდეგ ავტომობილში ჩაჯდომა მთხოვა, მითხრა რომ სალაპარაკო ჰქონდა. მოულოდნელად მანქანა მაღალი სიჩქარით დაძრა და სოფლის სასაფლაოსკენ წავიდა, გზაში მაგინებდა. სასაფლაოსთან როგორც კი მივედით, ხეხი დამარტყა, წავიქეცი, შემდეგ ფეხი გულმკერდზეც დამადო და ჩემი დახრჩობა დაიწყო. მალევე დანა ამოიღო და მემუქრებოდა რომ მომკლავდა. ყვიროდა ჩემი სახელი რატომ ახსენეო. არადა სავარაუდო დამნაშავეების სახელები მე არ მიხსენებია. ვიდეოში მხოლოდ იმსა ვამბობდი, რომ ჩეი სახლის ძარცვის ორგანიზებაში ჩემივე თანასოფლელები მონაწილეობდნენ"- აღნიშნა დაშავებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ გამოძიება მოლის განცხადების საფუძველზე განცხადებით მიმართვიდან მალევე დაიწყეს.
"მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან, 1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი ტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება"- უთხრეს "ნიუპოსტს" შს სამინისტროში.
გასანოვები სადიგოვებს პროვოკატორებს უწოდებენ და ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ.
მასალის გამოყენების პირობები






