საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად პარლამენტს ფუნქციები მნიშვნელოვნად ეზრდება და ის ვალდებული ხდება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და შესაძლებლობა ეძლევა შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში არა მხოლოდ ყოველწლიურად, არამედ ინტენსიურ რეჟიმშიც მოითხოვოს.
კანონპროექტმა ოპოზიციის და არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ მასში შესული ჩანაწერის თანახმად ფრაქციებისა და კომიტეტების სხდომაზე კანონმდებლებს მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მმართველინ გუნდი თავისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს:
"ცდილობენ რომ კომფორტი შეუქმნან თავიანთ გუნდს და მთავრობას, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფრაქციებს გაუუქმეს შესაძლებლობა, რომ დავიბაროთ მთავრობის წევრები, მეორეს მხრივ რაც არ უნდა სიხშირით დაიბარონ მთავრობის წევრები, ეს დამოკიდებული იქნება კომიტეტებზე, ანუ მმართველი გუნდის უმრავლესობაზე. მხოლოდ მათ როგორც მოუნდებათ ისე იქნება მთავრობის დაბარება."- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას თავს ვერ ართმევს და მისი როლი დაკნინებულია.
„საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს თავის ზედამხედველობიტ ფუნქციას, ეს არის მოშლილი მთლიანად, პარლამენტს არავითარი გავლენა არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. პირიქით, აღმასრულებელი ხელისუფლება აქეთ ახდენს გავლენას. ხდება სრულიად დაკნინება ოპოზიციისა და ფრაქციების როლისა.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებების თანახმად რიგი საკითხების უკეთესად დარეგულირება მოხდება.
„არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არის გასწორებული და უკეთესად დარეგულირებული, ვიდრე მოქმედი რეგლამენტის რედაქციაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა მათი მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია.“- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ახალი რეგლამენტით, პარლამენტში სამთავრობო საათის გაუქმებას პრობლემად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები:
„ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები და საკომიტეტო განხილვებზე ამის შესახებ ვისაუბრებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამთავრობო საათის არ არსებობა. სამთავრობო საათი არის მექანიზმი, როცა ყველა სასესიო კვირაში მინისტრი ვალდებულია მოვიდეს და გასცეს დეპუტატების კითხვებს პასუხი. ეს მექანიზმი არ არის დღეს და არც გვექნება ხვალ, მაშინ, როდესაც ეს არის ყველა საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტი.“- განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






