ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ჟურნალ France Football-ის მიერ წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.
მოდრიჩმა ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგებით 753 ქულა მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო, „იუვენტუსის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც 476 ქულა მოიპოვა, მესამეზე საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი. მეოთხე ადგილზე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად პსჟ-ს რიგებში მყოფი კილიან მბაპე 347 ქულით. „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი მეხუთე ადგილზე გავიდა 260 ქულით.
2007 წლის შემდეგ, როდესაც „ოქროს ბურთი“ ბრაზილიელმა კაკამ მოიგო, პირველად მოხდა, რომ ჯილდო ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს გარდა სხვა ფეხბურთელმა მოიპოვა - ლუკა მოდრიჩმა ამ მხრივ ათწლიანი ხანა დაასრულა.
ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე წელს ასევე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, UEFA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
რაც შეეხება „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ახლახანს დაწესებულ ორ ახალ ჯილდოს, რომელიც საუკეთესო ქალი ფეხბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იყო განკუთვნილი, ისინი პირველად ერგო ნორვეგიელ ქალ ფეხბურთელ ადა ჰეგერბერგსა (ლიონის ოლიმპიკი) და ფრანგ კილიან მბაპეს (პარი სენ-ჟერმენი).
მასალის გამოყენების პირობები