„ინფორმაცია, რომ თითქოს ვიღაცამ სადღაც დამაკავა, ფეიკია. ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოდან გაურკვეველი მიმართულებით გავემგზავრე, ფეიკია“ - დაწერა სემენჩენკომ ფეისბუქის პირად გვერდზე. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში დეპუტატი უარყოფს, თითქოს თბილისში დააკავეს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფება და უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება.
სემიონ სემენჩენკოს განმარტება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის, იური ბირიუკოვის განცხადებას, რომ თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეთა შორისაა სემენჩენკოც, რომელმაც კიევი დიპლომატიურ სკანდალში ჩაითრია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს მათი კონკრეტული მიზნების და ამოცანების დასადგენად. ოფიციალური განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენენ, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ თბილისში დაკავებულ უკრაინელებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან.
მასალის გამოყენების პირობები






