თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გამძელობისა და დემოკრატიის სიყვარულისთვის:
„შეუძლიათ წაგვართვან ყველაფერი თავისუფლებისა და ღირსების გარდა. ჩვენ ზურგსუკან დათუნა სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახები არიან, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი უღრმესი სამძიმარი შვილმოკლული მამებისა და დედების მიმართ, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს, მაგრამ ჩვენ ამ სამართლის პოვნაში მივეხმარებით, იმიტომ რომ ყველას შვილი ჩვენნი შვილია.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ზეწოლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა ზეწოლის და ძალადობის ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
„ეს ძალადობა რაც გუშინ თაკო ჩარკვიანის და მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინეს გალიებიდან გამოშვებულმა ბანდერლოგებმა, ის ძალადობა რასაც ბაჩუკი ქარდავას უპირებდნენ, ის ძალადობა რითიც ჩვენ მხარდამჭერებს და შტაბის წევრებს ემუქრებიან, ეს ე.წ ქართული ოცნების და სინამდვილეში ქურდული ოცნების დასასრულის დასაწყისია და ჩვენ ამ კრიმინალურ ხელისუფლებას დავამთავრებთ მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ დღეს. იმიტომ არ იბრძოლეს ქართველმა პატრიოტებმა ამ ქვეყნისა და დემოკრატიის შენახვისთვის, რომ ფარცხალაძემ მოგვპაროს და თავის სარდაფში ჩაიტანოს სახელმწიფო და დემოკრატია. ყველამ იცოდეთ, რომ ყველა ძალადობის და მუქარის ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე და ყველა სასტიკად დაისჯება. ვინც დემოკრატიული ნორმების, კონსტიტუციის და სამართლის ფარგლებს გარეთ გადის, ყველაფერს მივიტანთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე, ამის შესაძლებლობა მე მაქვს.“- აღნიშნა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






