ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს დღეს თავსდაესხნენ, როგორც თავად ჩარკვიანი აღნიშნავს, აღნიშნული თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. სამართალდამცავებმა მომხდარის გამო 4 პირი დააკავეს. თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი იყო.
თბილისის საკრებულო აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება:
„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.
დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






