საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ქვეყანაში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების დევნა დაიწყო.
„დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხა თავს ხელისუფლების მიგზავნილი 6 პროვოკატორი, 6 მოძალადე კრიმინალი. მათ უნდათ, ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული,“ - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიდეო მიმართვაში მესამე პრეზიდენტი ჩატარებულ არჩევნებსაც ეხმაურება:
„თითქმის, 100 ათასი ბიულეტენი არის ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა არის ვაშაძისთვის მიცემული ხმები. ამავე დროს, კარუსელების მეშვეობით ჩაყრილია, მინიმუმ, 200 ათასი ხმა. ძველი ბიჭების მეშვეობით და კარუსელების მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ, თითქმის, 900 ათასი ხმა, თეორიულადაც კი შეუძლებელია საქართველოში აიღო 900 ათასი ხმა და არჩევნები არ მოიგო იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016-ში ოცნებამ მოახერხა და ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ არასწორად რა გააკეთა, ტაქტიკა იყო, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, თქვენ არჩევნები მოიგეთ. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით და დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ილაპარაკა იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა საერთო თავისუფალ არჩევნებთან,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ასევე ეხმაირება, ხვალ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ მასშტაბურ აქციას:
„თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ, ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველზე, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის და არა ჩემთვის და არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






