საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა თუ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და მათი მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა. ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.
„კვლავ გრძელდება და ტენდეციის სახე მიიღო კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებმა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან აღნიშნული ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამომრჩევლის მოსყიდვა
- „#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის გახსნის შემდეგ შეიმჩნევა ხალხის მობილიზება და გადაადგილება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენდამკვირვებელს საქმიანობაში.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი.
- #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






