„მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ასევე გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. უპრეცედენტო იყო ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600 000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ. აღნიშნული პროგრამა 19 ნოემბერს დაანონსდა და იგი სახელმწიფოს ჩართულობით ფონდი „ქართუს“ მიერ 15-დან 31 დეკემბრამდე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის 2000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხების ჩამოწერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხების შეთავაზებას, ხოლო რიგ შემთხვევებში იმ პირებს, ვინც სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სანაცვლოდ სთავაზობენ ფულს. პარალელურად, ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების შესახებ.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირებამ. გაჟღერდა სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები ხელფასების ზრდის, სოციალური დახმარებების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა და რომელიც ძირითადად მიემართება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტის შესახებ, რაზეც ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას,“ - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






