„პირველი ტურის შემდეგ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული ცვლილებებისთვის მზად არ არის. იმ პირობებში, როდესაც მმართველი პარტია “დამოუკიდებელი” კანდიდატის მხარდასაჭერად ემზადებოდა, მათ პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს.
ყველას გვახსოვს მათი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი არაფერს არ წარმოადგენს. ეს განცხადებები ეხებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. შემდეგ, როგორც დემოკრატიული მოცემულობა, გაჟღერდა, რომ მხარს “დამოუკიდებელ” კანდიდატს დაუჭერდნენ.
ეს იმით ახსნეს, რომ ერთი ძალის ხელში არ მომხდარიყო ძალაუფლების სრული კონცენტრაცია. მე გაგახსენებთ რამდენიმე თვის წინ ივანიშვილის ნათქვამ ფრაზას - თუ ეს ასე არ გამოვა, მაშინ პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოს.
როცა ვამბობ, “ოცნება” დემოკრატიული ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა, ვგულისხმობ იმას, რომ მმართველ ძალას თავიდანვე გათვლილი უნდა ჰქონოდა, რომ ამ არჩევნებში მათი საპირწონე კანდიდატი ან ნაციონალური მოძრაობიდან იქნებოდა, ან “ევროპული საქართველოდან”.
ყოფილი ხელისუფლების წიაღიდან წამოსული კანდიდატები თუ ასეთი მიუღებლები იყვნენ, ეს თავიდანვე უნდა გაეაზრებინათ და ის აპოკალიფსიც უნდა ეგრძნოთ, რა სურათსაც ახლა გვიხატავენ _ ნაციონალების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ყველაფერი დამთავრდება.
დემოკრატიული პროცესებისთვის მზად რომ არ იყვნენ, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ამ 6 წლის განმავლობაში “ოცნება” პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ოპონირებდა. სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მმართველ პარტიას კარი არ გაუხსნია. მიმდინარებოდა ამ ძალების დისკრედიტირება და მარგინალიზაცია, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ” შეძლეს, რომ პოლიტიკურ ველზე მძლავრად ყოფილიყვნენ წარმოჩენილი.
მეორე ტურის წინ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ძალების მობილიზებას, მაგრამ ავიწყდება ერთი რამ - ნებისმიერი ძალა ბოლოს იწვევს უკუძალას. სრულებით არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ძალა იფეთქებს. ეს რამდენიმე დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ძალა ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო მობილიზებული იქნება. ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს ბატონი ივანიშვილი თავის დაპირებებს ერთ წელიწადში,“ - აცხადებს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ „ოცნება“ ხშირად უშვებს შეცდომებს და თავისავე ჩადებულ ნაღმებზე ფეთქდება.
„ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ პარტიის წევრებს შორის ატარებდნენ გამოკითხვას. პარტიის წევრებს შორის კი არ ატარებდნენ გამოკითხვას, არამედ პარტიის რესურსებით ატარებდნენ. აქედან “ოცნების” ლიდერს ფულიც საკმაოდ მოუტეხეს. ადამიანები, ვისაც გამოკითხვა უნდა ჩაეტარებინათ, ოთახებიდანაც არ გადიოდნენ და ასე იძლეოდნენ კვლევის შედეგს.
ბატონ კობახიძეს ოდნავი პოლიტიკური ალღო და გონიერება რომ ჰქონოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ასეთ კვლევების შედეგებით ქალბატონი სალომე გამარჯვებული ვერ იქნებოდა.
თავიდანვე რომ ეთქვათ ივანიშვილისთვის, რა რეიტინგიც ჰქონდა მათ კანდიდატს, ახლა ეს ხელის გადაგრეხები, ოპონენტების დაჭრა და ცემა არ იქნებოდა აქტუალური.
ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის იმიჯს. “ოცნებას” რატომღაც ავიწყდება, რომ ეს იმიჯი სახელმწიფოსია და არა - მათი. ბატონი კობახიძის ბედი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ნამდვილად ვფიქრობ,“ - ამბობს მირცხულავა.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არჩევნების დღეს თუ კორცხელისმაგვარ ინციდენტებს მოაწყობენ, ისინი ამით ქვეყნის პროგრესირებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის რაღაც ეტაპს დაასრულებენ, რადგანაც დასავლეთი უფრო ალმაცერად დაგვიწყებს ყურებას.
„არცერთი სკამი, არცერთი პერსონა არ ღირს იმად, რომ ჩვენ სახელმწიფო დავაზიანოთ.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება თავის მომხრეებს არ მოუწოდებს, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტები ცემონ ან დაჭრან. ამ შემთხვევაში თვითშემოქმედებასთან გვაქვს საქმე და როდესაც თვითშემოქმედებასთან გვაქვს საქმე, იქ “ოცნებას” შეიძლება მართვის სადავეები გაექცეს ხელიდან, მისი დაბრუნება კი ძნელი იქნება, მით უმეტეს, რომ, მოარული ხმების თანახმად, ამ პროცესებში შავი სამყაროს წარმომადგენლები არიან ჩართული. მათი ჩართვა „ოცნებას“ ძალიან ცუდად დაუბრუნდება, რადგან „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები მომავალში აუცილებლად მოითხოვენ დივიდენდებს დღეს გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ. ეს კატეგორია ანგარების გარეშე არასდროს გაირჯება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქურდული სამყარო პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში.
ისე, შემთხვევით არ გავიხსენე კორცხელი. ივანიშვილმა თქვა, რომ ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, არაფერიც არ მოხდება. ერთადერთი, შეიძლება პირველ პერიოდში ეკონომიკური სირთულეები შეიქმნას.
გამგები ალბათ გაიგებდა, ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ ის მშვიდად შეხვდება ვაშაძის გაპრეზიდენტებას. ტაშს არ დაუკრავს, მაგრამ არც გააპროტესტებს.
თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, ქვეყანას კატაკლიზმები ივანიშვილმა უნდა ააცილოს თავიდან. ის პრემიერთან ერთად უნდა გამოვიდეს და აღიაროს დამარცხება. ქალბატონი სალომე ამის გამკეთებელი არ არის.
ივანიშვილმა და პრემიერმა პირველებმა უნდა მიულოცონ გრიგოლ ვაშაძეს. ქალბატონი სალომე თუ გაიმარჯვებს, არ მგონია, ოპოზიციამ ქვების სროლა დაიწყოს,“ - ამბობს მირცხულავა.
მასალის გამოყენების პირობები






