გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ონში დაჭრილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურძილაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.
მისი ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"ერთ რამეს აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეყო იმის ვაჟკაცობა, ეღიარებინა, რომ ჭრილობები ცივი იარაღით არის მიყენებული, მაგრამ ველოდებით დადასტურებას, რომ ორი სხვადასხვა ცივი იარაღით არის მიყენებული. კიდევ ერთი კრიმინალი, რომელიც დაცვის პოლიციაში მსახურობდა, მგონი, უკვე გააგდეს სამსახურიდან, დაკითხეს და გაუშვეს. ისაკაძე კიდევ დაკავებულია და თავის თავზე იღებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ნოდარ ბუნდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველა ვლოცულობთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, რადგან ეს ადამიანი და ონი ამ ინციდენტს არ იმსახურებდა. ონი არის გადაქცეული ვინმე ვიგინდარა საგანაძის, ასეთივე კრიმინალის საკონცენტრაციო ბანაკად. ორჯერ როცა იქ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიყავით, ხალხი ლაპარაკობდა რომ აბსოლუტურად ყველა არის დატერორებული და არჩევნები გადააქციეს სასაკლაოდ, რადგან იციან, რომ აგებენ" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს თავს დაესხნენ და დაჭრეს. ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






