„დაკრედიტების აღნიშნული ზრდის გათვალისწინებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა გრძელვადიან ტრენდს აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული იპოთეკური სესხების ზრდითაა განპირობებული. საგარეო რისკების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიუთითებს ფინანსურ ინსტიტუტებს, სათანადოდ მოახდინონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების შეფასება და მათი გათვალისწინება. საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრესსცენარების ანალიზისასაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა. დაკრედიტების ზრდის აღნიშნული ტენდენცია კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება საკრედიტო ზრდას მდგრად დონემდე შეამცირებს. კომიტეტი დააკვირდება აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გავლენას საკრედიტო პორტფელის ზრდაზე და გადაწყვეტილებას კონტრციკლური ბუფერის ამოქმედების თაობაზე ამის გათვალისწინებით მიიღებს" - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






