UEFA-ს ერთა ლიგის ნახევარფინალურ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელორუსი იქნება.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო შედეგი (16 ქულა) აჩვენა, რითაც ნახევარფინალურ პლეი-ოფში საკუთარ მინდორზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბელორუსი კი ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხ ნახევარფინალისტს შორის ყველაზე ცუდი სტატისტიკის მქონე გუნდი გახდა და მეტოქედ სწორედ საქართველოს ნაკრები ერგო. D დივიზიონის მეორე ნახევარფინალური წყვილი მაკედონია და კოსოვო იქნება. 4 ნაკრებს შორის გამარჯვებული კი ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.
ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრები 2020 წლის 26-31 მარტის პერიოდში გაიმართება.
ერთა ლიგის პლეი-ოფებამდე ევროპის 2020 წლის შესარჩევი ეტაპი ტრადიციული ფორმატით, მომავალი წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. შესარჩევ ციკლში, რომელიც ევრო 2020-ზე მონაწილე 20 გუნდს გამოავლენს, საქართველო მე-4 კალათში იქნება განთესილი და შესარჩევი ციკლიდანაც ექნება შანსი ევროპის პირველობაზე გავიდეს. რეგულარული შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ კი ერთა ლიგის ზემოთხსენებული პლეი-ოფებით ევროპის ჩემპიონატის კიდევ 4 საგზური გათამაშდება, ამ ოთხიდან ერთის მოპოვების შანსი კი საქართველოს ნაკრებს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები