მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ინფორმაცია არასწორ კონტექსტში აღიქვა და ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.
„ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ე.წ. „ფეიკნიუსი“, რომელიც თითქოსდა არის ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, ონკოლოგიურ დაავადებების მკურნალობა-დაფინანსებასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებული ჩემი განცხადება ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, იქნა არასწორ კონტექსტში გაზიარებული ამავე არხის ვებ-გვერდის მიერ, რასაც შემდგომში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები ადამიანების გარკვეული ჯგუფის მხრიდან.
აღნიშნული დარღვევის შესასწავლად, ჩვენ უკვე მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ვაპირებთ დავას სასამართლოს გზითაც!
აქვე, მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი ხედვები, ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.
პირველადი ჯანდაცვა და დაავადებების პროფილაქტიკა, არის წარმატებული ჯანდაცვის საძირკველი. მისი გამართული ფუნქციონირება, საგრძნობლად აუმჯობესებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის სტატუსს და ამცირებს არამარტო ეროვნული, არამედ თოთოეული მოქალაქის ჯანდაცვის ხარჯსაც, რაც უდიდეს ტვირთად აწვება თითოეულ ჩვენგანს. დაავადებათა ადრეული გამოვლენა - მათი თავიდან აცილება, ბევრად მარტივი და იაფია, ვიდრე გართულებული შემთხვევების მკურნალობა.
2008 წელს, საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, დაიწყო საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს წარმატებული სკრინინგის პროგრამა, რომელიც შემდეგ თანდათან გაფართოვდა. პროექტის წარმატების მიუხედავად, მიზნობრივი პოპულაციის მოცვა, სამწუხაროდ ამ დრომდე დაბალია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, შესაბამისად გამოვლინება III და IV სტადიის კიბოსი ჯერ კიდევ მაღალია. მიმაჩნია, რომ მიზნობრივი პოპულაციის მეტად ინფორმირების შემთხვევაში, გაცილებით მეტ ადამიანს გადავარჩენდით და შესაბამისად გვეყოლება ნაკლები დაავადებული ადამიანი. ამ ყველაფერს კი სჭირდება ბიუჯეტის გაზრდა და სწორი მენეჯმენტი.
რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის დაფინანსებას, უკვე წლებია არაფერი იცვლება სოფლის ექიმის და დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მუხლებში. სოფლის ექიმები გაუსაძლის პირობებეში მუშაობენ და მათი მუშაობის ეფექტურობაც ძალიან დაბალია.
რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, ჩემი აზრით, აქ საჭიროა სახელმწიფო პროგრამების გაფართოება. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანზე ზრუნვა, განსაკუთრებით მეტი ზრუნვა კი ესაჭიროებათ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვინც განიცდიან უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავსი დაავადების მკურნალობას (ქიმიო თერაპიის ჩათვლით), წამლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.
საფუძვლიანი მიმოხილვისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ჯანდაცვის ხედვებს და კონცეფციას, რომელიც ჯერ კიდე 3 თვის წინ გამოქვეყნდა" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






